Back to top
Image Alt

Plastic Watcher

მახსოვს, როდესაც მაგისტრატურაში სწავლისას პირველად, ჩემმა ამერიკელმა ლექტორმა წამოჭრა ფრაზა – there is no free lunch, თან ძალიან დარწმუნებული გვიყურებდა ჩვენ, ჩემს ჯგუფელებს, ვინც აუდიტორიაში ვისხედით. მაშინ დიდად აღვშფოთდი მის ნათქვამზე და გამომეტყველებაზე. დიდი ხანი შეურაცხყოფილადაც კი ვგრძნობდი თავს, არ მესმოდა საერთოდ რაზე მესაუბრებოდა ეს ადამიანი და ცოტა გაბრაზებულიც კი ვიყავი. ჩემი გული მისმა ინტელექტმა იმ წუთას და რაღაც დროის მანძილზე, ვერ დაიპყრო.

დრო გავიდა და მხოლოდ მერეღა მივხვდი, თუ რისი თქმა სურდა და კონკრეტულად რას გულისხმობდა. მაშინ, ჩემი ლექტორი ცდილობდა გასაგებად აეხსნა ის, რომ პასუხისმგებლობის, სიყვარულის, ძალისხმევის გარეშე არაფერი გამოდის ცხოვრებაში. რომ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემო ხდება, ყველა პროცესი თუ განწყობები, ურთიერთობები და ემოციები გაფრთხილებას და სათუთ მოვლას საჭიროებს.

სულ ახლახანს, სოციალურ ქსელში ისევ ამოტივტივდა ეს ფრაზა, რომელიც, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონტექსტში დაწერა ჩემმა friend-მა, ხოლო პოსტის ავტორის მეგობარმა იქვე მიაწერა – Only our universe is a free lunch.

ეს რომ წავიკითხე, ისევ გავბრაზდი და ისევ აღვშფოთდი და ძალიან მეწყინა. ეხლა კი გავბრაზდი არა იმაზე, ვინც ეს დაწერა, არამედ იმათზე, ვინც ამ მიმოწერებს და პოსტებს კითხულობს. იმაზე, რომ ადამიანები ამ საჩუქრის მიღების მნიშვნელობას ვერ ვიაზრებთ. გვავიწყდება ის, რომ პასუხისმგებლობა და სიყვარულით მოპყრობა გვმართებს იმის მიმართ, რაც ჩვენს გარშემოა, რადგან მსგავსი ჯადოსნური საჩუქრის მიღება დიდი ბედნიერება არის და ამას ყველა ვერ განიცდის და ვერ ხვდება.

ნოემბერში, დაბადების დღეზე ჩემმა მეგობარმა ეს ვებსაიტი მაჩუქა. აი ასე მარტივად გააკეთა ჩემთვის სანატრელი და სასიხარულო ამბავი. ჩემ სიხარულს საზღვარი არ აქვს და ჩემი ცხოვრების დიდი სტიმულია. ამ საჩუქრის მიღების შემდეგ მივხვდი, თუ რამდენჯერ უფრო მეტად გაიზარდა ჩემს მიმართ მისი ნდობა, რომ მეტი პოლიეთილენის „ნაგავი“ შევაგროვო, დავიცვა გარემო ამ დეგრადირების გამომწვევი ადამიანის მიერ შექმნილი რესურსით დაბინძურებისგან, მეტად საინტერესო პროდუქციის შექმნის პროცესებში ჩავება და საინტერესო ამბები, რასაც ასევე საინტერესო ადმიანები დაწერენ, ამ პლათფორმის საშუალებით გაგიზიაროთ თქვენ, ვინც დაინტერესდებით ჩემი პირადი, საყვარელი ვებ გვერდით.

საჩუქრის მიღება და მისგან მიღებული განცდა არის უდიდესი ბედნიერება. ის რომ „შენ“ აგირჩია სამყარომ რომ გაჩუქოს მისი ფერები, გაგათბოს თავისი მზის სხივებით, კარგად შეგარყიოს მისმა რხევამ ან მაგრად დაგასველოს მისმა კოკისპირულმა წვიმამ არის ის, რისთვისაც დედამიწაზე ცხოვრება მშვენიერია. ეს განცდები და მათი მომავლის ადამინებისთვის გადაცემა არის ის, რასაც პასუხისმგებლობის გრძნობით ცხოვრებისკენ მიჰყავს ჩვენი, ადამიანების მოდგმა.